გადასვლა ძირითად შინაარსზე
თბილისო
arrow_back უკან
მერია

სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

თბილისის მერია · 20 აპრილი 2026, 00:00
სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
„თბილისის განვითარების ფონდმა“, მთაწმინდის რაიონში, სულხან-საბას და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე მდებარე ისტორიული შენობების რეაბილიტაცია დაიწყო.

პროექტის მიზანი დედაქალაქის ისტორიული ნაწილის ავთენტურობის შენარჩუნება და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სრული აღდგენაა.

ადგილზე დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად იმყოფებოდა.

„სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების გარდა, სრულად განახლდება აქ არსებული შენობა-ნაგებობები, რომელთა ძირითადი ნაწილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. ამას გარდა, ლეონიძის ქუჩაზეც გვაქვს შეზღუდვა, რაც ერთი კვირა გაგრძელდება. ამ დროში შეიცვლება ის ძირითადი კომუნიკაციები, რაც საჭიროა. მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემდეგ, იქნება არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია, შიდა ეზოების მოწესრიგებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სამშენებლო მოცულობა 45 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს, რის შედეგადაც საცხოვრებელი პირობები 450-მდე ოჯახს გაუუმჯობესდება. პროექტის განსახორციელებლად, დაახლოებით, 120 მლნ ლარამდე დაიხარჯება. პროექტის დასრულებას, დაახლოებით, ორი წელი დაჭირდება.

თბილისის მერის თქმით, სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების გარდა, რუსთაველის გამზირზეც მძიმე ინფრასტრუქტურული მდგომარეობაა და მის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ტენდერები უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

„ალბათ, იქნებიან დაინტერესებული კომპანიები და დავიწყებთ პროექტის განხორციელებას. რუსთაველის გამზირიც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, განსაკუთრებით, მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც უდიდეს საფრთხეს უქმნის იქ არსებულ შენობა-ნაგებობებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

კახა კალაძესთან ერთად ადგილზე საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თამაზ ალიბეგაშვილი და მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე იმყოფებოდნენ.
წყარო: თბილისის მერია open_in_new

მეტი